ტექდათვალიერება

პოჭოჭიკის შესახებ - რა იქნება ტექდათვალიერების აღდგენის საზოგადოებრივი დანახარჯი

"დაუშვებელია საჭის საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა", - წერია მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლის ზ.დ ქვეპუნქტში.

რეგლამენტი ეხება ავტომობილის გამართულობის ყველა კრიტერიუმს დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ოფიციალური კრიტერიუმების მიხედვით, თუ ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირჟანგის კონცენტრაცია 3.5%-ს აჭარბებს ავტომობილი გზისთვის უვარგისად ჩაითვლება. ავტომობილთა მნიშვნელოვან ნაწილს კატალიზური კონვერტერი არ აქვს, ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის გამონაბოლქვის ხარისხზე დაწესებული მოთხოვნები რთული შესასრულებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც გამონაბოლქვის ხარისხზე მარტივია ასე გამოიყურება:

"საქარე მინის მინასაწმენდის ჯაგრისის სველ მინაზე გადაადგილების სიხშირე მაქსიმალური სვლის რეჟიმში უნდა იყოს არანაკლებ 35 ორმაგი სვლისა წუთში", - შესაბამისად, შემოწმებაზე გასვლისას ტექნიკოსები ავტომობილის საქარე მინის ჯაგრისების მოძრაობის სიხშირესაც დაითვლიან.

ტექდათვალიერების საფასური და სანქციები:

ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების შემოწმება კი 100 ლარი ეღირება. თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა. პირმა განმეორებითი ტესტირების საფასურიც უნდა გადაიხადოს. 

თარიღები და ვადები:

2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდება. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყოველწლიური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება. 

რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს მოსახლეობას ტექდათვალიერების აღდგენა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

მოძველებული ავტოპარკი კი ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ტესტირების წარმატებით გავლისთვის გარკვეული დანახარჯების გაღება მოუწევთ, რაც მათთვის ტესტირების ღირებულებასთან 60 ლართან ერთად დამატებით დანახარჯს წარმოადგენს.

რეფორმის ამოქმედების შემდეგ 1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის შემთხვევაში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

წარმოგიდგენთ ტექდათვალიერების მთლიანი საზოგადოებრივი დანახარჯის პირობით კალკულაციას. მოდელირება ეფუძნება დაშვებას რომ პირველად ტესტირებაზე:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილების 100% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილების 95% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილების 85% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილების 75% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 20+ წლის ავტომობილების 70% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • პირველადი ტესტირების წარმატებით გავლის საშუალო მაჩვენებელი 74% 

ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ სავარაუდოდ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

იმ შემთხვევაში თუ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის "ჩაჭრილი" ავტომობილების შეკეთების ხარჯები ასე გამოიყურება:

პირობითი ხარჯები მოცემულია ავტომობილის გამოშვების წლების ჯგუფების მიხედვით:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილები - 0 ლარი
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილები - 676 ათასი ლარი
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილები - 4.8 მილიონი ლარი
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილები - 67.2 მილიონი ლარი
  • 20+ წლის ავტომობილები - 82.6 მილიონი ლარი
  • საერთო ღირებულება - 155.2 მილიონი ლარი

ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ დაშვებით მოსახლეობას ჯერ 72 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს ტესტირების გავლაზე, ხოლო მათ შემდგომ შეკეთებაზე 155 მილიონი ლარის ხარჯის გაწევა. ეს კი ჯამში 226 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს კალკულაცია არ შეიცავს იმ დანახარჯებს რომლებიც დაკავშირებულია ხელახალი ტესტირების წარუმატებლობით გავლასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეეზღუდებათ. მოძრაობის უფლების გარეშე კი ასეთი ავტომობილების ღირებულება მკვეთრად შემცირდება. მეტიც, მათი სრულად ჩამოწერაც კი შეიძლება მოხდეს. ამ სახის ხარჯებმა შესაძლოა, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბოს. 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილების შეკეთებისკენ უბიძგებს, რაც ავტოსერვისზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა, სერვისის ღირებულება გაიზარდოს. 

ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ტესტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ტექდათვალიერების აღდგენაზე ქართული ოცნების ხელისუფლება მესამე წელია საუბრობს და ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად მისი აღდგენა 2015 წლის მარტში იგეგმებოდა.

2015 წელს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა მოსახლეობის აზრის კვლევა ტექდათვალიერების აღდგენასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 68%-მა განაცხადა, რომ ტექდათვალიერების აღდგენა დადებითი ცვლილება იქნება. 

ზოგიერთი მოთხოვნა, რომელიც ავტომობილებმა უნდა დააკმაყოფილონ ასე გამოიყურება:

გამონაბოლქვი

  • იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრამდე - 4,5%-ს
  • იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ - 3,5%-ს.

ხმაური

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაური დონე უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას, ან რეგისტრაციის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით.

მუხრუჭები:

  • სამუხრუჭე სისტემების გამართულობა შემოწმდება სპეციალურ გორგოლაჭებიან ტესტერზე. სამუხრუჭე სითხის დონე რეზერვუარში და სითხის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს ავტომობილის დამამზადებლის მიერ რეკომენდირებულ სითხეს.
  • მუხრუჭის ჰაერის წნეხვის კომპრესორი არ უნდა იყოს დაზიანებული, კოროზირებული არ უნდა ჟონავდეს.
  • დაუშვებელია სამუხრუჭე ამძრავს ეტყობოდეს ზედმეტი ცვეთა და ზედმეტი ფოლხვა, აგრეთვე სატერფულის ზედმეტი ან არასაკმარისი სვლა და მოცურების საწინააღმდეგო საფენის არარსებობა ან ზედმეტი ცვეთა.
  • ღრეჩოს ავტომატური მარეგულირებელი არ უნდა იყოს გაჭედილი, დაუშვებელია ზედმეტი ცვეთა და ცუდი მორგება.
  • დაუშვებელია სამურხუჭე სარქველების დაზიანება, ჰაერის ზედმეტი გადინება, კომპრესორიდან ზედმეტი ზეთის გადინება, არასაიმედო მონტაჟი, ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.
  • ტესტერზე შემოწმებისას დაუშვებელია ერთ ღერძზე მდებარე მუხრუჭების დამუხრუჭების სიმძლავრეებს შორის სხვაობა აღემატებოდეს 30%-ს.

კომენტარები