სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პოლიციამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების დაფარვისთვის 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა, ამის შესახებ განცხადებას შსს აქვეყნებს. დაკავებულებს დანაშაულის დაფარვა ედებათ ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის", - წერია განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის დაფარვა 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა, რომ საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა მათგან გამოძიებასთან საკმაოდ მცირე ნაწილი თანამშრომლობს, დანარჩენები კი მომხდარზე ინფორმაციას არ გასცემენ.

"მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა დაკითხეს დაახლოებით 150 პირი, ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები, როგორც ფაქტი უნდა დავაფიქსიროთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე რაოდენობამ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და როგორც სჩანს ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი", - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები