აშშ-დიდი ბრიტანეთი

ტრამპი მეის: ჩემზე ნუ ფოკუსირდები, ფოკუსირდი ბრიტანეთში არსებულ ტერორიზმზე

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე სამი ვიდეო გააზიარა, რომლებიც ბრიტანულმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფმა ატვირთა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან არასწორი საქციელი იყო.

პასუხად ტრამპმა მეის Twitter-ზე მიმართა:

"ჩემზე ნუ ფოკუსირდები, ფოკუსირდი დესტრუქციულ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმზე რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ხდება."

ტრამპის მიერ გაზიარებული ვიდეოებიდან ერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის მტკიცებით მუსლიმ მიგრანტს ასახავს, რომელიც თავს დაესხა ახალგაზრდა ჰოლანდიელ მამაკაცს. ვაშინგტონში ჰოლანდიის საელჩომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მიგრანტი არ არის და ის ჰოლნადიაში დაიბადა და გაიზარდა.

მეორე ვიდეო სავარაუდოდ სირიაშია გადაღებული, რადგან მამაკაცი, რომელიც ღვთისმშობლის ქანდაკებას ამსხვრევს ამბობს, რომ ლევანტში ალაჰის გარდა არავის ეთაყვანებიან. ვიდეო YouYube-ზე პირველად 2013 წელს აიტვირთა.

მესამე ვიდეო ეგვიპტეში 2013 წელს მიმდინარე არეულობის დროს ალექსანდრიაშია გადაღებული და მასზე ჩანს როგორ აგდებენ მამაკაცს შენობის სახურავიდან. 2015 წელს ქმედებაში მონაწილე პირები გაასამართლეს და ერთ-ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

თეთრი სახლის პრეს სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ქალბატონმა მეიმ და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა იცოდნენ, რომ ეს ნამდვილი საფრთხეებია რაზეც უნდა ვისაუბროთ.

"ნამდვილი არის თუ არა ვიდეო, საფრთხე ნამდვილია" თქვა მან.

კომენტარები