საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

რას ნიშნავს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელება?

დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობას, ყველასთვის მოულოდნელად, კათოლიკოს-პატრიარქი ამბიონზე ავიდა და ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა.

პირვველ რიგში, რას ნიშნავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე? გახსოვთ, აურზაური, პატრიარქის ანდერძზე? მოსაყდრის სახელი სწორედ ანდერძით უნდა გაგვეგო, მაგრამ პატრიარქის გადაწყვეტილებით მისი სახელი უკვე ვიცით - პატრიარქის სიცოცხლეშივე. 

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად:
 

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე
  • საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა
  • საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი მოსაყდრე
  • საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
  • წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა
  • საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე
  • საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე
  • საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე

პატრიარქის ასაკისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა პატრიარქის სიცოცხლეშივე უხელმძღვანელოს წმიდა სინოდის სხდომებს. მეტიც, მას შეუძლია მოიწვიოს გაფართოებული კრება და პატრიარქის სიცოცხლეშივე შეცვალოს მართვა-გამგეობის დებულება. მიტროპოლიტი შიოს ხელში დიდი ძალაუფლება გადავიდა. 

ნიშნავს თუ არა ეს კათოლიკოს-პატრიარქის ჩამოცილებას მმართველობიდან? მართვა-გამგეობის დებულებაში ნათქვამია, რომ მოსაყდრე ეკლესიას მართავს გადადგომის, გარდაცვალების ან ისეთ შემთხვევაში, როცა პატრიარქი ვეღარ ასრულებს მის მოვალეობას. რას ნიშნავს ეს? პატრიარქი ვეღარ ასრულებს მის მოვალეობას? ჩვენ განმარტებები ამ დროისთვის არ მოგვისმენია.

მიტროპოლიტ მუჯირის დასახელება, ამ უკანასკნელს მინიმუმ ერთ-ერთ საპატრიარქო კანდიდატად აქცევს, ხოლო მაქსიმუმ, უზრუნველყოფს მის გაპატრიარქებას. თუ ძლევამოსილი კათალიკოზი თავისივე სიცოცხლეში მიტროპოლიტ შიოს ეკლესიის საჭეს ანდობს, შესაძლოა, ეს იყოს კარნახი მომავალი ამომრჩეველი წმიდა სინოდისთვის, ვინ უნდა აღასაყდროს საპატრიარქო ტახტზე. შესაძლოა, ეს ამას არც ნიშნავდეს.

მოსაყდრეს შეუძლია დადგეს საპატრიარქო კანდიდატად. პირველ ტურში, სადაც სინოდმა სამი კანდიდატი უნდა გამოარჩიოს, სავარაუდოდ, მიტროპოლიტი შიო მუჯირიც დასახელდება. მეორე ტურში, გაფართოებულ კრებაზე, სწორედ ამ სამი კანდიდატიდან აირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. 

შემოსავს თუ არა მას ილია მეორის გადაწყვეტილება ძოწისფერ მანტიას და აქცევს თუ არა შემდეგ პატრიარქად, ამას მხოლოდ გაფართოებულ კრებაზე გავიგებთ, რომელიც პატრიარქის გადადგომის ან გარდაცვალების შემდგებ უნდა მოიწვიონ.

პატრიარქის გადაწყვეტილება სიცოცხლეში დანიშნოს მოსაყდრე, მოულოდნელია, მაგრამ გასაგები. ანდერძის დატოვების შემთხვევაში, მისი გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, სპეკულაციები არ შეწყდებოდა, მოსაყდრის ლეგიტიმაცია კი ეჭვქვეშ დადგებოდა. მაგრამ, რატომ შიო მუჯირი? 

შესაძლოა, ამ კითხვას პასუხი მიტროპოლიტ შიოს პოლიტიკურ ორიენტაციასა და ფუნდამენტალისტურ თეოლოგიაში ჰქონდეს. მოსაყდრის საჯარო ცნობადობას უპირატესობა აქვს - ის არ გარეულა არც ერთ საეკლესიო სკანდალში და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა დუმილს.  

სენაკელი მიტროპოლიტი სხვებთან შედარებით ახალგაზრდაა და, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიას მომავალი ათწლეულების განმავლობაში უხელმძღვანელოს.

საქართველოს ეკლესიავ, ისევ უდაბნოში?!

კომენტარები