ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ვლადიმირ პუტინი: სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა

Screenshot from YouTube Channel

14 ნოემბერს, ნოვო-ოგორევოს რეზიდენციაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. მათ ოფიციალურ შეხვედრაზე სავაჭრო კავშირების გაძლიერებასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებაზე ისაუბრეს.

„სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენს მეგობრობასა და მეზობლობაზე დგას. სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ ოსეთს.“-განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

ამავე შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში არსებული საყოველთაო დაზღვევის სისტემით ისარგებლებენ.

„მიმდინარეობს დედაქალაქის, ცხინვალის კეთილმოწყობაც, რაც ითვალისწინებს ქალაქის მშენებლობა-განვითარებას, შენდება სკოლები. სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა თანამედროვე საავადმყოფოც.“-აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება სურს. 

„უკვე მომზადებულია 2018-2019 წლების ინვესტირების ახალი პროგრამა, რომელსაც სულ მალე დავამტკიცებთ. გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებითაც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები კრედიტის აღებას შეძლებენ. ამისთვის, ჩვენ 1 მილიარდი რუბლი გამოვყავით.“-თქვა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე.

ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობა დადებითად შეაფასა.

"ჩემი მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სუვერენული რესპუბლიკისკენ მიმავალ გზაზე და ამაში უდიდეს როლს ის პროგრამები თამაშობს, რომელსაც ბოლო წლებში ვანხორცილებთ."-განაცხადა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე 2017 წლის 10 აპრილს აირჩიეს. 

კომენტარები