Paradise Papers

Paradise Papers: აშშ-ის ვაჭრობის მდივნისა და პუტინის სიძის კომერციული კავშირები

Reuters

კომპანია, რომელშიც წილის მფლობელი აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ვილბურ როსია წლების განმავლობაში მილიონობით დოლარის მომსახურებას უწევდა რუსულ ენერგოკომპანიას, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც პუტინის სიძე კირილ შამალოვია. ამის შესახებ კაიმანის კუნძულებზე მდებარე იურიდიული კომპანია Applebey-დან გაჟონილი მასალებიდან ხდება ცნობილი. ანონიმური წყაროს მიერ გამომძიებელ ჟურნალისტთა კავშირისთვის გადაცემული 13 მილიონი დოკუმენტის კრებითი სახელი Paradise Papers-ია.

ვინ არის ვილბურ როსი

ვილბურ როსი 2017 წლის 28 თებერვლიდან აშშ-ის ვაჭრობის მდივანია. ის დონალდ ტრამპის მინისტთა კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წევრია. 79 წლის როსმა ქონება, რომელიც $2.5 მილიარდ დოლარს აღემატება წლების განმავლობაში საფონდო ბირჟაზე დააგროვა.

როსის და ტრამპის საქმიანი ურთიერთობა 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც როსმა დონალდ ტრამპს ატლანტაში მდებარე კრიზისში მყოფი კაზინოების გადასარჩენად კრედიტი მისცა. როსი თავდაპირველად დემოკრატების მხარდამჭერი იყო, თუმცა ტრამპის მიერ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაბმის შემდეგ ის რესპუბლიკელების მხარდამჭერი გახდა.

რა სახის კავშირი აქვს როსის კომპანიას რუსეთთან

Navigator Holdings-ის გემი, რომელსაც Sibur-ის გაზი გადააქვს
ფოტო: TT News Agency

საქმე ეხება მარშალის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია Navigator Holdings-ს, რომელიც კომპანიებს სანაოსნო მომსახურებას უწევს. როსი მასში 31%-იან წილს ფლობს. 

Paradise Papers-იდან ცნობილი ხდება, რომ Navigator Holdings-მა 2012-2016 წლებში რუსულ ენერგოკომპანია Sibur-ს $68 მილიონი დოლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.  Navigator Holdings-ი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიასა და Sibur-ს შორის გაფორმებულია 10 წლის ვადით დადებულუ კონტრაქტი, რომლის საერთო ღირებულებაც $226 მილიონია. 

Sibur-ის 21%-იანი წილის მფლობელი კირილ შამალოვი ვლადიმირ პუტინის უმცროსი შვილის კატერინას მეუღლეა. Sibur-ის სხვა მეწილეები არიან გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიხელსონი, მათსა და კირილ შამალოვზე ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება, რაც მათ აშშ-სა და დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს უზღუდავს.

როსის და რუსული ფულის სხვა შესაძლო კავშირები


ფოტო: FT

ვილბურ როსს ეკუთვნის საინვესტიციო კომპანია WL Ross, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მრავალი აქტივი ეკუთვნის. კომპანიამ 2014 წელს €1 მილიარდად შეიძინა კვიპროსის ბანკი. საინტერესოა, რომ კვიპროსის საგადასახადო სისტემა საკმაოდ ლიბერალურია და მასში კომპანიების შექმნა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. აღნიშნული სისტემის გამო კვიპროსზე საკმაოდ ბევრი რუსული კომპანია საქმიანობს. კვიპროსის ბანკის მთავარი მეწილეც რუსი მილიარდერი დიმიტრი რიბოლიევი იყო. ბანკის მთავარი კლიენტები სწორედ რუსი ბიზნესმენები არიან.

 

კომენტარები