არჩევნები 2017

უდუმაშვილი: დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, არ მივცეთ გაყალბების საშუალება ოცნებას

რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი  რუსთავი 2-ის ეზგიტპოლის შედეგებს ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, "დავიცვათ ჩვენი ხმები". მისი შეფასებით, ის, რაც დღის მანძილზე ხდებოდა, იყო "სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ".

"დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალურიკონტროლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ. ისინი ყველას აკონტროლებდნენ, ვინ შემოდიოდა უბნებზე და ვის აძლევდნენ ხმას, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მომხრეებს ურეკავდნენ და აშინებდნენ, არ მისულიყვნენ არჩევნებზე.

გარდა ამისა, ვიცით, რომ კახა კალაძე აპირებდა გარკვეული პროცენტის დაწერას და ამისთვის იბრძოდა. შესაბამისად, მივიღეთ შედეგი, როდესაც ქართული ოცნება წავიდა ქართველი ხალხის და თბილისელების წინააღმდეგ,.

ჩვენ დაველოდებით ცესკოს შედეგებს, ასევე, ვითვალისწინებთ, რომ 6-დან 8 საათამდე ხალხის ნაკადი საკმაოდ იყო და შეიძლება, შედეგი შეიცვალოს. გარდა ამისა, ეგზიტპოლს თავისი ცდომილება აქვს, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა" - ამბობს უდუმაშვილი და ყველას მოუწოდებს, "დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ტოტალური გაყალბების საშუალება ქართულ ოცნებას".

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. ენმ-ის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა - 15%. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ხმების 14%. ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ - 7%. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, კახა კუკავამ და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - ხმების 3-3%.

ტელეკომპანიამ გამოკითხვა Edison Research-ს დაუკვეთა. გამოკითხვის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %. 

კომენტარები