არჩევნები 2017

პრეზიდენტი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

ქვეყნის პირველმა პირმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დღეს არჩეულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ ემსახურონ საზოგადოებას.

„ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხის. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობირივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, სოფელში, რაიონში, ქალაქში და აქედან გამომდინარე შექმნის უკეთეს ყოფას ჩვენს ყოველდღიურ დღეს. თვითმმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. მათ უნდა მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს. რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში ჩვენს სოფლებში და ქალაქებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები