არჩევნები 2017

ევროპული საქართველო: გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატს ემუქრებიან

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, პარტიის კანდიდატებს ემუქრებიან და კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი აბესაძემ განაცხადა, გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ამავე სოფელში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი დაუკავშირდა და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრა.

პარტიაში ამბობენ, რომ ელშან კურბანოვმა შარხმარდან გულიევთან მეორე შეხვედრის აუდიო-ჩაწერა მოახერხა.

"ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ გულიევი საუბრობს დასაჭერი ადამიანების სიაზე, სადაც კურბანოვის გარდა სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და აქტივისტებიც არიან. პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ქართული ოცნების კოორდინატორი კურბანოვს პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანთან შეხვედრას და სამსახურის პოვნასაც პირდება. 

ამას გარდა კურბანოვი საუბრისას იხსენებს შემთხვევას, თუ როგორ ეწეოდნენ მანქანაში მარიხუანას, როგორ გააჩერა პოლიციამ და დაკავებას ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატმა სავალან მირზოევმა გადაარჩინა.

ევროპული საქართველოს დეპუტატობის კანდიდატს კურბანოვის გარდა გუშინვე დაუკავშირდა სავალან მირზოევის მამა, მირზა მირზოევი, რომელმაც მას პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის პოვნაში დახმარება დაუდასტურა", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს მთელ საქართველოში მასიურად ემუქრებიან და კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ, თუმცა, სხვა შემთხვევებში თავად კანდიდატებმა შურისძიების შიშის გამო არ ისურვეს ამ ამბის გასაჯაროება.

კომენტარები