ფილიპინები

გაეროდან გარიცხვის შემთხვევაში, დუტერტე ევროპელ ელჩებს გაძევებით ემუქრება

Aaron Favila/Associated Press

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე ევროპელ ელჩებს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება. მისი თქმით ყველა იმ ევროპული ქვეყნის დიპლომატს, რომელიც ფილიპინების გაეროდან გაძევებას დაუჭერს მხარს, ქვეყნის დასატოვებლად 24 საათს მისცემს.

დუტერტეს თქმით ის არ შეეგუება მისი ნარკოტიკებთან ბრძოლის ევროპელების მიერ გაკრიტიკებას და ევროკავშირს ფილიპინების საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

"თქვენ გვაძლევთ ფულს და შემდეგ იწყებთ იმის ორკესტრირებას, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა არ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში." "ჩვენ გავცდით კოლონიზაციის პერიოდს." "თქვენ ჩვენ ჭკუასუსტები გგონივართ. თავად ხართ ჭკუასუსტები." თქვა დუტერტემ.

მას არ აუხსნია რის საფუძველზე ეჭვობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ფილიპინების გაეროდან გარიცხვას აპირებენ. ევროკავშირს კომენტარი არ გაუკეთებია.

დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი 15 თვის წინ გახდა. მას შემდეგ ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში პოლიციამ 3,800-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

Human Rights Watch-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ფილიპინები გაეროს ადამიანის უფლებათა აპარატიდან უნდა გაირიცხოს. ევროპელი კანონმდებლების ჯგუფმა გასულ კვირას ფილიპინებში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ევროკავშირს ფილიპინებთან სავაჭრო პირობების გამკაცრებისაკენ მოუწოდა.


ფოტო: Bullit Marquez/AP

კომენტარები