თბილისის მეტრო

მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" კიდევ რამდენიმე დღეს არ იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს კიდევ რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, ეს მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოითხოვა. 

"იწყება მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს. ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

საბურთალოს ხაზზე მატარებლები კვლავ სადგურის მოედნიდან დელისამდე იმოძრავებენ, გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი, თბილისის მერია მგზავრებს მომდევნო დღეებშიც სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მოემსახურება, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ" - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

კომენტარები