ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მარნეულში მათ მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნების კანდიდატი თავს დაესხა.
"ფიზიკური ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ მარნეულში. ქართული ოცნების კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედალ ბედიევთან ერთად თავს დაესხა ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს, რომელიც ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში" - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა.
ევროპულმა საქართველომ ხობში მათ კანდიდატზე თავდასხმაზეც გაავრცელა გუშინ ინფორმაცია. მათი ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს ჯემა ჭანტურია უცნობი პირები დაესხნენ თავს. ევროპული საქართველოს ხობის მაჟორიტარ კანდიდატზე თავდასხმა შს სამინისტრომ უარყო, თუმცა, პარტიის პლაკატების ჩამოხევის ფაქტი დაადასტურა.





