ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან დასანანია

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება ძალიან სამწუხარო ფაქტია. 

"ეს უდაოდ ძალიან დასანანია, რადგან ეს ნაწილი რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პარლამენტის უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს გაგზავნილი შეთავაზებები, რომლებიც პარტიებისთვის ბლოკების შექმნის უფლებასა და 3%-იან ბარიერს ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მეტნაკლებად აბალანსებს გადავადების ნეგატიურ ასპექტებს,"- წერია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში "უაღრესად დადებითადაა შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი".

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. 

კომენტარები