არჩევნები 2017

კალაძე: მე ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს

instagram.com/kakhakaladze

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული უნდა გახდეს.

ამის შესახებ კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მართლაც იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არამხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს. მე ვიქნები ადამიანი, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად, ვინც ამის პოპულარიზაციას გაუწევს", - თქვა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა სატრანსპორტო პოლიტიკის სამი ძირითადი ამოცანა დაასახელა:

  • "საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისა და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლება;
  • სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებითი შემცირება;
  • ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარისხის ამაღლება და უსაფრთხოების ზრდა."

კერძოდ, კალაძის პროგრამის მიხედვით, მოხდება სამარშუტო ხაზების დამატება, მათ შორის ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ასევე, 40მლნ-იანი პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროს ვაგონებს. იგეგმება ახალი ვაგონების შემოყვანაც.

სახელისუფლებო კანდიდატი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად თბილისელებს შემჭიდროებულ მონაკვეთებში მოძრაობის განტვირთვასაც ჰპირდება, ასევე, გეგმავს ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას და კერძო სატრანსპორტო საშუალებების ეტაპობრივად ელექტრომობილებით ჩანაცვლებას.

გარდა ამისა, კახა კალაძის პროგრამის მიხედვით, მოხდება მეტროს სადგურების განახლება, ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, სამართლიანი და ეფექტური პარკირების უზრუნველყოფა, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა.

"პირობას გაძლევთ, რომ როგორც კი შევალ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც დღეს ხდება ქალაქში. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ საშუალება ნორმალურ გარემოში მოახერხონ დაპარკინგება, მანქანის გაჩერება და ა.შ.", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველივე წლის განმავლობაში შეიქმნება ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი სისტემა, რომელიც ქალაქის მოთხოვნებს და გამოწვევებს უპასუხებს.

კომენტარები