დავით კეზერაშვილი

დეკანოიძე: მელიას განცხადებებს კეზერაშვილზე, ჩემთვის დისკომფორტი არ გამოუწვევია

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია პირველის ეთერში დავით კეზერაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე აფასებს. დეკანოიძე ამბობს, რომ მელიას გაკეთებულ განცხადებებს მისთვის დისკომფორტი არ გამოუწვევია. მისივე თქმით, მელიას "პათოსი"იყო ის, რომ კეზერაშვილის მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენები, "ამ მართლმსაჯულების პირობებში", ეჭვებს ბადებს. ხატია დეკანოიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. 

"ნიკას პათოსი ზოგადად, რაც ვნახე და წავიკითხე, იყო ის რომ ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ამ მართლმსაჯულების სისტემაში გამამართლებელი განაჩენი [კეზერაშვილის მიმართ]. მე პირადად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ამ მართლმსაჯულების „ობიექტურობა“, ასევე ეჭვს ბადებს ქონება, რომელიც მართლა წარმოდგენა არ მაქვს საიდან აქვს კეზერაშვილს და არც მინდა ვიცოდე და მქონდეს რაიმე გადაკვეთის წერტილი. ჩვენი გუნდის წევრი არ არის. მე შემიძლია თავი დავდო ჩემს მეგობრებზე და ჩემი გუნდის წევრებზე, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან მომხვეჭელობით და დიდი ქონებით... ჩემთვის არანაირი დისკომფორტი ნიკა მელიას განცხადებას არ გამოუწვევია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც რეალურად უნდა ვისაუბროთ. რა მოცემულობაც გვაქვს და რა მოცემულობაც უნდა შევქმნათ." - ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს როგორ გამდიდრდა დავით კეზერაშვილი, თუმცა დარწმუნებულია რომ მელია ამის შესახებ მეტ ინფორმაციას ფლობს. 

"არ მგონია რომ ჩემი და თქვენი ძვირფასი დრო კეზერაშვილზე  საუბარში უნდა დაიკარგოს, იმიტომ რომ კეზერაშვილის არ არის ჩვენი გუნდის წევრი უკვე დიდი ხანია. მე პირადად არავითარი თანაკვეთის წერტილი მასთან არ მქონია გარდა იმისა, რომ იგი იყო მინისტრი იმავე ხელისუფლების, სადაც მე ვიყავი მოგვიანებით მთავრობის წარმომადგენელი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამდიდრდა და როგორ მოიპოვა ეს ფინანსური რესურსი, ნიკას დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. მე ჩემს თავზე შემიძლია ვაგო პასუხი და ჩემს მეგობრებზე. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაც მქონდა არაერთ ქვეყანაში ჩემი ოჯახი საშუალოზე დაბალშემოსავლიანია." - ამბობს დეკანოიძე. 

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, მილიონები „ყაჩაღობითა და ძარცვით“ იშოვა, ახლა კი „ივანიშვილის დასტურით“ ევროპულ საქართველოს აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ თავად ხატია დეკანოიძის შვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. დეკანოიძის შვილი თორნიკე კოპალეიშვილი ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული.

კომენტარები