არჩევნები 2017

ცესკომ ალექსანდრე ელისაშვილი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დაარეგისტრირა

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა, შესაბამისი აქტი ცესკომ გუშინ გამოსცა.

ალექსანდრე ელისაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეგროვებული ხელმოწერები მას სტიმულს აძლევს.

"შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერის მიტანა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი მივიტანეთ. ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის" - თქვა ელისაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებით, "ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთის მხრივ, ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესის მიღმა". მეორეს მხრივ კი, ელისაშვილის თქმით, მან უკვე მიაღწია მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას.

"ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად”, - განაცხადა ელისაშვილმა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები