ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება

სუს-მა გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას შეატყობინა, რომ მათ უსმენს

ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს გიგა ბოკერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეატყობინა, რომ მასზე ფარული მიყურადება მიმდინარეობს.

გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა გუშინ, „სახელმწიფო გადატრიალების საქმის“ მიმდინარეობის გასაცნობად დაიბარა.

„ეს იყო ფორმალური პროცედურა, შეტყობინება იმაზე, რომ მიმდინარეობს ფარული მიყურადება. ის, რომ ეს გამოძიება გრძელდება, ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემის დემონსტრაციაა - ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური დაკვეთით ის სტრუქტურები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდეს, რეალურ პრობლემებს და საფრთხეებს ებრძოდეს, დაკავებულია პოლიტიკური დაკვეთით, შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით. თითოეული წუთი, რომელზეც ჩვენი საერთო გადასახადებით არსებული რესურსი იხარჯერბა, არის ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი“, - თქვა ბოკერიამ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, „ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა, თვითონ იმ ხალხმაც, ვისაც მათდაუნებურად ავალებენ ამ საქმეების გამოიძიებას. ამიტომ, ამ აბსურდიდან გამომდინარე ვერაფერს გამოვრიცხავთ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საერთაშორისო იმიჯს, დემოკრატიულ ტრადიციას ივანიშვილის გუნდმა უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა პოლიტიკური დევნით - მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნით. სამწუხაროდ, ალბათ ამას გააგრძელებს, იმიტომ, რომ ამ ხალხმა სხვა არაფერი არ იცის, გარდა ამ ტიპის ქმედებებისა“.

სუს-მა ანალოგიური მიზნით დღეს რუსთავი 2-ის გენერალური დორექტორი ნიკა გვარამიაც დაიბარა და მასაც მიყურადების შესახებ შეატყობნა.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ გამოძიება 2015 წელს, უკრაინელ ვებგვერდზე ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ერთერთი ჩანაწერი სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარს ასახავს. გიგა ბოკერიას კი ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებული "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის" გამო კითხავდნენ.

კომენტარები