ჰომოფობია

ბერიანიძე: ეს შემთხვევა უნდა განიხილოს, როგორც სისტემური ჰომოფობიის მაგალითი

Facebook/ Levan Berianidze

თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე, რომელიც პოლიციელებს უმოქმედობასა და ჰომოფობიის გამო მასზე ძალადობაში ადანაშაულებს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს სისტემური დანაშაულია.

მისი თქმით, ეს დანაშაული არ იყო მხოლოდ მისი და მისი მეგობრის წინაშე ჩადენილი, არამედ იგი სიძულვილით იყო მოტივირებული და მას "მთელი ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ იყო მომართული".

"ის უცნობი ტიპები თავიდან ჩვენთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს აუშარდნენ და მერე ჩვენზე გადმოვიდნენ. პოლიციამ ჰომოფობიური განწყობების გამო არ დააკავა ის პირები და ჩვენს გაჩუმებას და საქმის ჩაფარცხვას ასე, ძალადობით და შეშინებით შეეცადა. ეს არაა ერთეული შემთხვევა და პოლიციის სისტემური სერიოზული პრობლემის გამოხატულებაა. ასე ექცევიან ლგბტ ადამიანებს მუდამ, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებს. სისტემა ჰომოფობიურია და ჩვენ დაცულები ამ ქვეყანაში არ ვართ,"- წერს ბერიანიძე.

ბერიანიძე ამბობს, რომ ეს შემთხვევა განხილული უნდა იყოს, "როგორც სისტემური, ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი".

ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი თორნიკე კუსიანი გუშინ გვიან ღამით ბათუმში დააკავეს. 

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებიან, რომ ისინი გუშინ გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვება, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძე ადვოკატს უყვვება, რომ პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძის თქმითვე, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. ბათუმის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ღოღობერიძის თქმით, პოლიციელებმა მათ "გაშიშვლება, ჩახდა და წაკუზვა" მოსთხოვეს. 

მისი თქმით, იგივე განმეორდა მაშინაც, როცა სამედიცინო დახმარება ითხოვეს. თანასწორობის მოძრაობის დირექტორი ადვოკატს უყვება, რომ ექთანმა მათი დაზიანებები ბლანკზე არასრულად აღნიშნა და მხოლოდ "ნაკაწრებად" მოიხსენია. 

ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაზარალებულების ბრალდებებზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. შსს კი აღნიშნავს, რომ ისინი პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

ბერიანიძე და კუსიანი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ხელწერილით გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 26 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები