ტერაქტი ბარსელონაში

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის მთავარ ეჭვმიტანილად 18 წლის მუსა უქაბირი სახელდება

moussastreetboy / Kiwi

ესპანური მედია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 18 წლის მუსა უბაქირს ასახელებს. მათი ცნობით, ის მართავდა სატვირთო მანქანას, რომელიც ფეხით მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა. სამართალდამცველები მუსა უბაქირს ამ დრომდე ეძებენ.

ტერაქტის საქმეზე ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არის მუსა უბაქირის ძმა - 28 წლის დრის უბაქირი. სატვირთო მანქანა სწორედ დრის უბაქირის სახელით და დოკუმენტებით არის ნაქირავები, თუმცა ის აცხადებს, რომ მისმა ძმამ მისი პირადი დოკუმენტები მოიპარა და სატვირთო მანქანა მისი სახელით დაიქირავა.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბარსელონაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა კურორტ კემბრილსზეც ტერაქტი მოხდა. მანქანა ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი კი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის 1 პოლიციის ოფიცერია. ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელების მანქანა ამოყირავდა და როდესაც თავდასხმელები მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა - ხუთივე ტერორისტი ლიკვიდირებულია. პოლიციის მტკიცებით, კემბრილსზე თავდამსხმელებს ბარსელონაზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდათ.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები