წელს, თბილისობა 7-8 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, "სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს". თბილისობის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.
"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ.
თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მერიაში უკვე შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია. ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე შეუძლიათ.





