მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ორად იყოფა

Reuters

მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა - ბიტკოინი ორად გაიყო. პროცესს, რომელსაც Fork-ს უწოდებენ, ბიტკოინის ღირებულების ვარდნა მოჰყვა. დღეს დილით ერთი Bitcoin-ის ღირებულება $2 922 დოლარი იყო, ახლა კი ის 2 698 ღირს. 

გაყოფის შედეგად დღეს ახალი კრიპტოვალუტა - Bictoin Cach წარმოიშვა. ახალი ვალუტის ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით $370-ია.

რატომ მოხდა გაყოფა:

ბიტკოინის გაყოფის მიზეზი კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები გახდა. საქმე ის არის, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო ბიტკოინის ქსელი გადატვირთულია, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ბიტკოინის ქსელი, რომელმაც დღევანდელი სახე დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო, ამ დატვირთვას ვერ უძლებს.

შენელებასთან გასამკლავებლად ბიტკონინის დეველოპერებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ ის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ბლოკჩეინ სისტემაში ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება.

მაინერების ერთი ნაწილი, ე.წ "ძირითადი დეველოპერები" მოითხოვდნენ, რომ რვაჯერ გაზრდილიყო იმ ბლოკჩეინ ბლოკების ტევადობა, რომლითაც ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება. ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა, თუმცა ბიტკოინის მესვეურებმა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, გაეზარდათ ბლოკჩეინ ბლოკების მოცულობა დღეს არსებული ერთი მეგაბაიტიდან - ორ მეგაბაიტამდე.

"ძირითადი დეველოპერების" აზრით, ეს ზრდა უმნიშვნელოა და კრიპტოვალუტას მომავალში ისევე შეუქმნის პრობლემებს, ამიტომაც მათ ბიტკოინის გაყოფა გადაწყვიტეს. ახალი კრიპტოვალუტა, რომლის სახელიცაა Bitcoin Cach, 8-მეგაბაიტიანი ბლოკჩეინ ბლოკებისგან შედგება. 

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის საერთო ღირებულება) დაახლოებით $37 მილიარდია. 

კომენტარები