ე.წ. ციანიდის საქმე

ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

"ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - თუ რამდენად რეალურია მამა გიორგის მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობა; რამდენად შეიძლება ყოფილიყო იმის განზრახვა, რომ მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლე მოესპო და რამდენად წარმოადგენს შორენა თეთრუაშვილი თავისი სტატუსით ისეთი თანამდებობის პირს, რომ ეს შეიძლება ხელს უშლიდეს სასულიერო პირს კარიერულ წინსვლაში", - ამბობს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

პროკურორი კი ამბობს, რომ დაკითხავენ საპატრიარქოს თანამშრომლებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულის შეკვეთით მომზადებულ დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო სტატიებზე, რომელთა მიზანიც სასულიერო პირების და საპატრიარქოს დისკრედიტაცია იყო.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები