პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ამბობს, რომ რუსულ მხარეს საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატის შექმნა შესთავაზეს. მარშანიას თქმით, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს საინტერესო იდეაა.
"უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე. ეს არის NATO-ს საკითხი და საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ. ჩვენ დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რა დასამალია, რომ საქართველო თანამშრომლობს NATO-სთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში მსოფლიო მასშტაბით. მოხდა უპრეცენდენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზეც სერიოზულად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ფორმატი საქართველო-NATO-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ საინტერესო იდეაა", - ამბობს ადა მარშანია.
ადა მარშანია ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი უშლის ხელს.
"ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ითხოვს ჰუმანიზაციას. ეს კანონი პრობლემებს უფრო გვიქმნის, ვიდრე პრობლემებს წყვეტს", - თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა.





