ევროინტეგრაცია

კობახიძე: საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპული გზა" აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები. მისივე თქმით, სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოში ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას.

"დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა დაძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. "ისინი,ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის" - ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ესფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.

 

კომენტარები