ევროინტეგრაცია

როცა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენი პირობები უნდა გვქონდეს – ივანიშვილის დეპუტატები

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას, "ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ". ხალხის ძალის განცხადებით, "საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“. მათივე მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები აღშფოთებას გამოხატავენ ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მტკიცებით, "უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და არის იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა".

"ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის - ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ყველას გვახსოვს გზავნილი - ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ.

აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“ - ნათქვამია განცხადებაში.


 მაისს ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტში გამოფენა, სახელწოდებით "სექსუალური გეი იესო" იყო დაგეგმილი.

ამისთვის ჟურნალისტი ჯეკ პეროკის ტვიტი არასრულად თარგმნეს და არ მიუთითეს, რომ ეს არათუ ღონისძიების სახელი, არამედ თავად ჟურნალისტის შეფასება იყო. სინამდვილეში, ევროპარლამენტი მასპინძლობს შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეთ ოლსონის ბიბლიურ მოტივებზე შექმნილ სერიიდან - Ecce Homo-დან ნაშრომს

მეტიც, მოსაწვევი - გამოფენის შესახებ დეტალებით, იმავე ტვიტში იყო, რომელიც ტელეკომპანიამ საკუთარი მიზნებისთვის არასრულად თარგმნა. 

ამასთანავე, როგორც ჟურნალისტმა, ჯეკ პეროკმა ტაბულასთან აღნიშნა, ორი ნამუშევარი ამოღებული იქნა გამოფენიდან. ტელეკომპანიამ ეს ინფორმაციაც გამოტოვა. 

ბრიუსელში, პარლამენტის შენობაში ოლსონის შერჩეული ნამუშევარები მომავალი კვირის ბოლომდე რჩება. გამოფენის ინიციატორი შვედი ევროპარლამენტარი, მემარცხენე მალინ ბიორკია, რომელმაც პარლამენტში ლექციის წასაკითხად ოლსონიც მიიწვია

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტელეკომპანია იმედმა ფოტოგრაფის კიდევ ერთი ინსტალაცია გაავრცელა, თუმცა ეს უკანასკნელი შერჩეულ ნამუშევრებში არაა. 

მანამდე, Ecce homo-ს პარლამენტში გამოფენა 1999 წელს ევროპარლამენტარმა მარიან ერიქსონმა სცადა - მას შემდეგ რაც შვედეთში ბიბლიური მოტივებისა და გენდერული და სექსუალური უმცირესობის კულტურის საერთო სივრცეში გამოსახვას დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ევროპარლამენტმა მაშინ ნამუშევრები არ გამოფინა. 

ლგბტქ თემის საკითხებთან დაკავშირებით დებატები და უთანხმოება არახალია ევროპარლამენტში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი 705 წევრი 27 წევრი სახელმწიფოდან იკრიბება.

იმედმა გაშუქებისას ყურადღების მიღმა დატოვა ისიც, რომ გამოფენას პროტესტი მოჰყვა წევრ სახელმწიფოებში - პოლონეთსა და იტალიაშიც. ეს ინფორმაციაც იყო იმავე ტვიტში, რომლის მხოლოდ ნაწილი თარგმნეს. 

ჯეკ პეროკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრიუსელში ევროპარლამენტის ექსპონატმა, რომელშიც იესო გამოსახულია ტყავის სამოსით გეი მამაკაცებით გარშემორტყმული, იტალიისა და პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი ნაშრომებს ერთგვარ მკრეხელობად აფასებენ.

ცხადია, ინფორმაციის დახლეჩისა და ცალმხრივი გაშუქების მიზანი ანტიდასავლური განწყობების გაღვივება იყო. აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანებმა მომხმარებლის განწყობებით მანიპულაციისთვის ბოლო კვირებია აქტიურად დაიწყეს დასავლეთში სექსუალური და გენდერული უმცირესობების შესახებ სტატისტიკებისა და ისტორიების გაშუქება.  

კომენტარები