სამართალდმცველებმა ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.
"პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი - ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი" - აცხადებს შსს.
სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.





