საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: "კომუნისტები" შეგნებულად ვთქვი, მემარცხენე რადიკალების ადგილი აქ არ არის

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ თბილისში, კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვის ჩაშლის დროს, "სრულიად შეგნებულად" გამოიყენა სიტყვა "კომუნისტები". ცნობისთვის, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩაიშალა. აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც საყოველთაო განხილვას ესწრებოდნენ შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით სიტყვით გამოვიდნენ. თავისუფალი თაობის წევრმა ლადო სადღობელაშვილმა კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა გააპროტესტა.

"სოციალიზმთან და სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი არ აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომელსაც გამოხატავენ ეს ადამიანები, ამიტომ სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი "კომუნისტები". კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება, გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც შეიძლება, რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს. კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე ექსტრემიზმზე, მემარცხენე რადიკალებზე, ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის, ისინი არიან იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა და მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოებენ თავიანთ თვალსაწიერს და ეს მისცემს მათ იმის საშუალებას, რმ სხვანაირად შეხედონ რაღაცებს, მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს" - ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ მას "უცოდინარი და გაუნათლებელი" არავისთვის უწოდებია.

"ეს ტერმინები გამოიყენა სანდრო ბრეგაძემ, ეს არის მისი ლექსიკა, ეს არ არის ჩემი ლექსიკა" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები