სააპელაციო სასამართლო

ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

ოთარ სიჭინავა
რუსთავი 2

მიხეილ ჩინჩალაძის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა. ის სამოქალაქო საქმეთა პალატაში იმუშავებს.

ოთარ სიჭინავა საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი იმით გახდა, რომ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და კაბელების საქმის განხილვის ნაცვლად, თბილისში ძაღლებს ასეირნებდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას კი არასამთავრობო სექტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მათი განცხადებით, მიხეილ ჩინჩალაძეს 10-წლიანი მოსამართლეობის განმავლობაში ჯამში 250 საქმე აქვს განხილული, 88% 2007-08 წლებში.

ამასთან, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩინჩალაძეს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე ზეწოლასა და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებდა, როდესაც ტელეკომპანიის საქმე განიხილებოდა.

დღევანდელ კენჭისყრაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გახდნენ მერაბ ლომიძე, ილონა თოდუა, მარიამ ცისკაძე, თეა ძიმისტარაშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში კვლავ გრძელდება.

კომენტარები