მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრები EPP-ის დელეგაციას შეხვდნენ

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრები "ევროპის სახალხო პარტიის" დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროპული საქართველოს EPP-ში გაწევრიანებაზე იმსჯელეს. გიგი უგულავას თქმით, მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი, სწორედ ეს შეხვედრა იყო. 

"ევროპის სახალხო პარტია არის ერთერთი მთავარი ფრაქცია და პარტია ევროპულ პარლამენტში და მთლიანად ევროპულ პოლიტიკაში, ამიტომ, მათი აქტიურობა საქართველოში, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ, ევროპულ საქართველოს, გაკეთებული გვაქვს განაცხადი, ვინაიდან ღირებული თანხვედრა არსებობს - EPP არის მემარჯვენე, ცენტრისტული პარტიების გაერთიანება, როგორიც არის, ასევე, ევროპული საქართველო. ეს პროცესი დაძრულია. სწორედ ამ მიზნით არის ეს მისია ჩამოსული,"- ამბობს უგულავა. 

შეხვედრაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს, მათ შორის, მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. 

"როგორც იცით, "ევროპული საქართველო" ახალი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მათ გამოხატეს მზადყოფნა, რომ გაწევრიანდნენ "ევროპის სახალხო პარტიაში" და ჩვენ, უბრალოდ, ჩვეულ პროცედურას ვატარებთ, ვხვდებით პარტიის ძველ წევრებსაც. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და საკონსტიტუციო რეფორმებზე (ეს მთავარი საკითხი იყო). ასევე, ვილაპარაკეთ ადგილობრივ არჩევნებზეც. 

ეს მრავალსაფეხურიანი და მნიშვნელოვანი პროცედურაა, ეს კი პირველი ნაბიჯია,"- ამბობს ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი, პაულო რანჟელი.

კომენტარები