იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მედიის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის შესახებ ე.წ პოზიტიური გადაცემების განთავსება შესთავაზეს. საბჭოს სხდომას "იმედი", "აფხაზეთის ხმა" და "პალიტრა" ესწრებოდნენ. 11 აპრილის სხდომის ჩანაწერის ფრაგმენტები რუსთავი 2-ის სიუჟეტიდან გახდა ცნობილი.
ჩანაწერის მიხედვით, იუსტიციის საბჭო გადაცემებისთვის თანხის მოძიებას გეგმავს. საბჭოს წევრის ვახტანგ თორდიას თქმით, ე.წ პოზიტიური გადაცემები შესაძლებელია როგორც დონორების, ისე ბიუჯეტის საშუალებით დაფინანსდეს.
"სისტემური, ყოველდღიური გადაცემები 150-200 000-ის ფარგლებში. დონორები რეალურად არის და ვფიქრობ, სახელმწიფოც უნდა დაინტერესდეს და რეალურად, მანაც განახორციელოს ეს აქტივობები" - ამბობს თორდია.
შეხვედრაზე, იმედის წარმომადგენელმა ეკა ნადაშვილმა თქვა, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, "რათა ვიყოთ ნეიტრალურები და ვაჩვენოთ ის, რაც მართლა ხდება ქვეყნის სასიკეთოდ".
იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საიმიჯო მედიაპროდუქტის და რეპორტაჟების მომზადებას აპირებენ. მურუსიძის თქმით, კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან შეხვედრა არა სასამართლო საქმიანობის გაშუქებაში ჩარევას, არამედ სასამართლო სისტემის პოპულარიზაციისა და რეპუტაციის მიზნით, გადაცემების მომზადებას ეხება.
„მე მახსოვს, რუსთავი 2 რამდენიმე წლის წინ აკეთებდა ძალიან კარგ პროგრამას, რასაც ერქვა "პროკურორი". ის პროექტი კარგი იყო და მივესალმებოდი. ანალოგიურის გაკეთება გვინდოდა ჩვენ. აღმოჩნდა, რომ პირველი დარტყმა მივიღეთ რუსთავი 2-დან და რატომ ვიღებთ. რატომ ვართ ჩვენ ახლა უნიათოები, რატომ ვართ უუნაროები, რა სიტყვებით არ გვამკობენ და რატომ იყო მაშინ ის გადაცემა კარგი?" - კითხულობს მურუსიძე.




