გირჩის სარეფერენდუმო კითხვა

ცესკომ გირჩის სარეფერენდუმო კითხვა, კანაფის ლეგალიზაციის შესახებ, არ დაარეგისტრირა

გირჩი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "გირჩის" საინიციატივო ჯგუფს სარეფერენდუმოდ წარდგენილი კითხვის - "თანახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფის და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?" - რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სხდომის განკარგულებაში სარეფერენდუმი კითხვის რეგისტრაციაზე უარის თქმის 3 მიზეზია დასახელებული:

1. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვა მრავალფრაგმენტიანია, გამორიცხავს რეფერენდუმში მონაწილეთა მიერ მასზე ცალსახა და კონკრეტული პასუხის გაცემის შესაძლებლობას. 

2. მოცემულ შემთხვევაში, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული კითხვა ბუნდოვანია და რეფერენდუმში მონაწილეთათვის გაუგებარი იქნება, თუ რა მოიაზრება სიტყვებში "კანაფი და კანაფის პროდუქტები".

3. ბუნდოვანი და გაურკვეველია, რა იგულისხმება სარეფერენდუმო-საინიციატივო ჯგუფის მიერ კანაფისა და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაციაში. ტერმინ "ლეგალიზაციის" კანონისმიერი განმარტება მოცემულია მხოლოდ "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას წარმოადგენს უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება).

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე ცესკოს მიერ მოყვანილ არგუმენტებს "სულელურს" უწოდებს და ამბობს, რომ ცესკო იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ სურს.

"ჩემი აზრით, ცალსახაა, რომ ცესკო არის საერთო სისტემის ნაწილი. სისტემის, რომელსაც ჩვენ ვებრძვით და რომელსაც არ უნდა არაფრის დიდებით, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს. პირიქით, აწყობს და ხელს ითბობს იმაზე, რომ კანაფი არის აკრძალული და ბიო და ათასი რამ ყრია და ბავშვებისთვისაც ძალიან ხელმისაწვდომია. მთავარი, რაც მინდა იცოდეთ, ცესკო შედგება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლისგან და არ მოიძებნა არცერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენ დაგვიჭერდა მხარს, მათ შორის, არც ევროპული საქართველო, არც ქართული ოცნება, არც ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ისინი აპირებენ ცესკოს სასამართლოში უჩივლონ. 

სარეფერენდუმო კითხვა საინიციატივო ჯგუფმა (ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია) ცესკოში 8 თებერვალს შეიტანეს. 

კომენტარები