საქართველოს ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს, იანვარი გახლდათ ძალიან წარმატებული

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, "ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს". მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი გახლდათ ძალიან წარმატებული".  

"5.2% მშპ-ს რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გააანალიზების დროს, ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, შემიძლია, ვთქვა, რომ ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით... 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტირებულ საწარმოთა რაოდენობა და ა.შ. ტურიზმია გაზრდილი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს", - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2017 წელი საგარეო ვაჭრობის ზრდით დაიწყო, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, იანვარში ექსპორტმა $177 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. გარდა ამისა, 2017 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი სულ 387 ათასმა ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 19.8%-ით მეტია. ასევე, 2017 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილები 26.1%-ით გაიზარდა.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა. 2016 წელს კი, ეკონომიკურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. 

2017 წლის დასაწყისში ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის ზრდამ დადებითი გავლენა უკვე მოახდინა ლარზე. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ლარი დოლართან და ევროსთან 12-12 თეთრით გამყარდა.

კომენტარები