დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურა დეკანოზის ახალი ადვოკატისგანაც გაუთქმელობის ხელწერილის დადებას ითხოვს

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატისგან გაუთქმელობის ხელწერილის დადებას ითხოვს, თუმცა, მიხეილ რამიშვილი უარს ამბობს. 

"გამომძიებელმა მითხრა, რომ თუ არ შევასრულებდი აღნიშნულ მოქმედებას და ხელწერილს არ დავწერდი, კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისგებას. ანუ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. მე ვუთხარი, რომ ნება მათია, მე შენიშვნის სახით დავუწერე ოფიციალურად, არ ვაწერ ხელს, სანამ მე საგამოძიებო ორგანოებიდან არ მექნება საქმის სრულყოფილი მასალები, რომელიც დღემდე არ მაქვს", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ცნობილია, სხვა ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი გაუფორმა, რის საფუძველზეც ისინი საქმის დეტალებსა და საკუთარ არგუმენტებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. გუშინ მათ უწყებისგან ხელწერილის გაუქმება ხელმეორედ მოითხოვეს, რათა დეკანოზის დაცვა უკეთ შეძლონ. პროკურატურა გააკრიტიკა ომბუდსმენმა და არასამთავრობო სექტორმა. მათი განცხადებით, გაუთქმელობის პირობა მხარეებს არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს.

გუშინ მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ ბრალი დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი, რაც პროკურატურის იმ ვერსიის საწინააღმდეგოა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "მედიის მიერ სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

კომენტარები