გიორგი მამალაძის საქმე

ზვიადაძე: ვინ მისცა თავს უფლება, რომ არასრულად გაევრცელებინა ილია II-ის განცხადება

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე
youtube.com

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რატომ გავრცელდა ილია მეორის მიმართვა არასრული სახით.

"ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, ძალიან დიდი ზიანი მიადგა ჩვენს ეკლესიას. საქართველოს საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხისადმი. მე არ ვიცი ვინ გაავრცელა ეს განცხადება არასრული სახით. რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება ამ დროს, რა ჰქონდა მას მიზნად. ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რატომ გააკეთა რომელიმე პიროვნებამ ეს, რომ საკუთარ თავს მისცა უფლება, გაევრცელებინა პატრიარქის განცხადების არასრული ვერსია.

ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, ვის დაჭირდა ამის გაკეთება. როდესაც პატრიარქი საჭიროდ თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით. პატრიარქი უგონიერესი პიროვნებაა, მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე. რატომ იყო საჭირო ამ განცხადების რაღაც შემცირებული სახით წარმოდგენა, გაურკვეველია", - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ პატრიარქის განცხადება არასრული სახით გაავრცელა. ილია მეორის მიმართვიდან ამოჭრილი იყო ტექსტი, სადაც ის მამა გიორგი მამალაძეზე ამბობს: "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?" განცხადების სრული ვერსია ტელეკომპანია ობიექტივმა გაავრცელა.

ილია მეორის მიმართვის სრული ტექსტი:

"სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს ილია მეორე.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ილია მეორის განცხადება ორ ნაწილად გაავრცელა. პირველსა და მეორე ნაწილს შორის ილია მეორე გიორგი მამალაძეზე ამბობს - "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?", ეს მონაკვეთი ეპარქიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში არ მოხვდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებული ორივე ვიდეომიმართვა:

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში 20 თებერვალს 18:00-ზე დაბრუნდება. ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ-ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია. 

კომენტარები