"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატ სერგი კაპანაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საქმიანობაში შესაძლო ჩარევის საქმეზე პროკურატურის ვერსია არასარწმუნოდ მიაჩნია.
"არ მესმის, როგორ შეიძლება, ვინმესთვის იყოს სარწმუნო ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით ერთმა ადამიანმა მეორეს გაუგზავნო დაზღვეული ფოსტა, მერე მიწერო მესიჯი და უთხრა, ხომ მიიღეო წერილიო. იმდენად აბსურდული და არასერიოზულია ეს ამბავი, რომ, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ეს ვინმემ აღიქვას სერიოზულად.
განცხადებაში, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და მიმართეს პროკურატურას, თვითონ წერენ, რომ ეს ჰგავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ. იქ არ არის დადასტურებულ ფაქტად, რომ ზეწოლას განიცდიდნენ კონკრეტული ადამიანებისგან. ეს არ წერია იმ განცხადებაში და ამის შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს პროკურატურას. ჩემი აზრით, ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის თეატრის, რომელსაც ვხედავ ბოლო დღეების განმავლობაში", - თქვა კაპანაძემ.
პროკურატურამ დღეს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება. წერილების ავტორად, რომლებიც მოსამართლეებმა მიიღეს, დ. საყვარელიძეა მითითებული. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. პროკურატურის განცხადებით, მოსამართლეებს წერილები და შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.





