ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს იმ ორ ტერმინს, რომელიც ოცნებისთვის არის გადამწყვეტი, ესაა "სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები."
"სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება." - ამბობს პაპუაშვილი.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ასევე ჰკითხა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ იმ "წუხილებზე", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს?
"რაც შეეხება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლებებს შორის, მათ შორის, ვიზიტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იყო სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც იყო სიღრმისეული საუბრები, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ის წუხილები რომელიც ჩვენ გვქონდა, არის სწორად აღქმული, იქნება გაზიარებული და ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
[...] მე არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ, ეს ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის გააფუჭა თავად შტატების წინა ადმინისტრაციამ, ბაიდენის ადმინისტრაცია არის დამნაშავე იმაში, რომ ეს ურთიერთობები დღეს არის ისტორიულ დაბალ წერტილში და გააფუჭა უსამართლობით, ასე რომ, რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს, ეს არის ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს, ასე რომ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, გავიზიარეთ ჩვენი დამოკიდებულება როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობებს, ახლა ჯერი აშშ-ს ადმინისტრაციაზეა, რომ ვიხილოთ ადეკვატური ნაბიჯები მათი მხრიდან" - ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.




