მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

გუნავა: ქარდავას ვერ დავეთანხმები, სასჯელაღსრულების სისტემაში ჩავარდნა იყო

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, თენგიზ გუნავა არ ეთანხმება შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა და ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რაც სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების „ერთმა ჯგუფმა“ აღიარა.

„ვერ დავეთანხმები მის პოზიციას, ბუნებრივია. ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც. ერთ-ერთი ჩავარდნა, სამწუხაროდ, იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმაც აღიარა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და არასდროს გავურბოდით პასუხისმგებლობას. იყო ჩავარდნა, რომელიც გამოჩნდა იმ პერიოდში და ეს ვთქვით ყველა ჩვენგანმა, ამაზე ხმამაღლა ისაუბრა მაშინდელმა პრეზიდენტმაც. მსგავსი ფაქტები არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ მაშინ პასუხისგებაში მივეცით სამსახურის ხელმძღვანელები და იმდროინდელი მუშაკები. განცხადებას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალი იყო და შემდეგ სხვანაირად მიუტანეს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები“, - აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველოს დეპუტატი ტაბულასთან.

შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ აფხაზეთის ხმამ, 31 იანვარს გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის, ციხის კადრებსა და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები