გაზპრომთან მოლაპარაკებები

გახარია: Gazprom-თან შეთანხმება ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება არაა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

"ეს შეთანხმება არ არის ეკონომიკურ ნაწილში გამარჯვება",- ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. გახარიას თქმითვე ოპონენტების შეფასებები თითქოს, რუსული ენერგოგიგანტის მოთხოვნაზე დათანხმება პოლიტიკურ რისკებს იწვევს მცდარია, რადგანაც ეს გარიგება უფრო მეტად ეკონომიკურ დანაკარგას წარმოადგენს ვიდრე პოლიტიკურს.

"რაც ძირითადი შეტევები მოდის ამ ხელშეკრულებაზე, მის მიერ პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ თუ დაგვჭირდებოდა და ჩვენ ვყიდულობდით დამატებით გაზს რუსეთიდან,  მისი ფასი არ იყო განსაზღვრული და ეს ფასი იყო  საკმაოდ მაღალი. დღეს დაფიქსირდა კომერციული ფასი ვალდებულებების გარეშე, რომ ჩვენ ეს მოცულობა უნდა ვიყიდოთ“ - ამბობს გახარია.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოსთვის არაფერი საზეიმო Gazprom-თან მიღწეულ შეთანხმებაში არაა. პრემიერის თქმით, საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც "არსებულ კონიუნქტურაში იყო შესაძლებელი".

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს თქმით კი, იმ პირობებში, თუ საქართველო Gazprom-ისგან ისევე ძველი პირობების შენარჩუნებას მოითხოვდა, იყო შანსი, რომ სომხეთის გაზმომარაგება საქართველოს გვერდის ავლით, ირანის მხრიდან დაწყებულიყო.

"რუსეთს დღეს ბუნებრივი აირი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს, ირანის გავლით, სომხეთი არ დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებდით ძალიან დიდ ზარალს", - ამბობს კალაძე.

არსებული მდგომარეობით, სომხეთი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრ ირანულ გაზს ყიდულობს. ირან-სომხეთს შორის 2009 წელს გახსნილი მილსადენის გამტარიანობა წელიწადში 1 მილიარდი მეტრ კუბია, სომხეთში კი ბუნებრივი აირის მოხმარება 2.1 მილიარდი მეტრ კუბია. ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის გამტარიანობის 2.3 მილიარდ მეტრ კუბამდე გაზრდა 2019 წლის შემდგომაა დაგეგმილი, იქამდე კი სომხეთს ამ მოცულობის ირანული გაზის მიღება არ შეუძლია.

ირანსა და სომხეთს შორის დადებული ხელშეკრულება ბარტერულია, სომხეთი თითოეულ იმპორტირებულ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ვალდებულია, ირანს მიაწოდოს 3 კილოვატ საათი ელექტროენერგია. აღნიშნული ხელშეკრულება 20 წლის ვადითაა დადებული.

კალაძის თქმით, Gazprom-თან დადებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება.

საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. 2017 წლის მანძილზე კი ისევ ნედლეულით ანაზღაურება მოხდება. ენერგეტიკის მინისტრის კალაძის თქმით, ამ ცვლილებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაიზრდება. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ Gazrpom-ისგან ფასდაკლებაც მიიღო - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები დასჭირდება, Gazprom-ი ათას კუბურ მეტრს $215-ის ნაცვლად $185-ად მიჰყიდის.

მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.2 მილიარდი საქართველოში დარჩა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები