ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი: პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების გამო მოვალე ვარ, ყრილობისთვის ფული გადავრიცხო

Sergo Ratiani/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ყრილობის ჩასატარებლად სპორტის სასახლეს თანხას გადაურიცხავს. მისი თქმით, რადგან, პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ყრილობა 20 იანვარს ტარდება და მის გამართვას პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილი ითხოვს, აღმასრულებელი მდივანი მოვალეა, ფული გადაიხადოს.

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო და დაამტკიცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესი", რომლის თანახმად, ყრილობის გამართვის თარიღად 20 იანვარი, ხოლო დელეგატების რაოდენობა 7000-ით განისაზღვრა.

მე, როგორც აღმასრულებელმა მდივანმა, მეორე დღესვე მივმართე წერილობით სპორტის სასახლის ადმინისტრაციას. რამდენიმე დღეში გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 18 იანვარი.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის პოლიტიკურ საბჭოს არ დაუმტკიცებია ყრილობის სამართლებლივად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი პოზიცია დღესაც უცვლელია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს წესის დარღვევით შექმნილი "საორგანიზაციო კომისიისა" და მისი მხარდამჭერების არჩეული გზით, 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებული ყრილობა შეუძლებელია, ჩაითვალოს ლეგიტიმურად, იურიდიულად გამართულად და სათანადოდ ორგანიზებულად.

მიუხედავად ამისა, რადგანაც არსებობს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რადგანაც არსებობს პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილის მოთხოვნა, მე მოვალე ვარ, გადავრიცხო სპორტის სასახლესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად", - ამბობს რატიანი.

კომენტარები