საქართველოს პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკას გამორჩეული ზრდის მაჩვენებელი აქვს.
"ვფიქრობთ, რომ ძირითად მიზანს მივაღწიეთ 2016 წელს. ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია უკეთესი, რომ ყოფილიყო შესაძლებელია ეკონომიკურადაც გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი გვქონოდა. ჩვენ გვაქვს მაინც რეგიონში გამორჩეული ზრდის მაჩვენებელი. ამ წელიწადში ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უკვე ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით, რომელიც აუცილებლად როგორც ჩვენ დავაანონსეთ და შევპირდით მოსახლეობას 4 წლის თავზე მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა საქართველოს,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წლის განმავლობაში ოპონენტები ცდილობდნენ ლარის გაუფასურება დაეკავშირებინათ იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის სახით გამოაცხადა. პრემიერის მტკიცებით, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი არ არსებობს.
”პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის 0,15 თუ 0,20 , რომლითაც ლარი გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდა მაჩვენებელზე, ეს იყო მთლიანად აჟიოტაჟური ელემენტი. ეს ცხადიც არის, დღევანდელ დღეს ლარი გარკვეულ დონეზე არის დასტაბილურებული,"- ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზებზე თუ რატომ არ მოხდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში გადასახადების გაზრდის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
”ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ პრეტენზიას, საარჩევნო კამპანიის დროს რატომ არ გამოვიტანეთ კონკრეტულად რომელ გადასახადს გავზრდიდით, რომელს შევამცირებდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთქვით, საარჩევნო კამპანიის დროს, რომ დამატებითი შემოსავლების მობილიზაციისკენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აქციზს გავზრდით ამდენი პროცენტით და ა.შ. ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ დავასრულეთ თუ არა მთავრობის დამტკიცების პროცესი, დავიწყეთ იმ მომენტშივე ბიზნესთან კომუნიკაცია და ასე გადავდგით ეს ნაბიჯები,”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





