ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 5.7 თეთრით, ევროსთან კი 5.6 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 5.7 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.74 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 17 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირდა. ლარი გასული თვის მანძილზე დოლართან მიმართებით 26 თეთრით გაუფასურდა, ეს 10%-იან გაუფასურებას ნიშნავს.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური პროგრამა იქითკენაა მიმართული, რომ - "მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას".

რაც შეეხება ევროს, ლარი 5.6 თეთრით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 2.86 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.80-ს შეადგენდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების პიკი კი დღესაა. 

კომენტარები