პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურების თემას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და ეროვნული ვალუტის დევალვაცია საგარეო ფაქტორებით ახსნა. მისი თქმით, "იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების, გაუფასურებულია".
"თუ ჩვენ პროცენტულად შევხედავთ და ამაზე ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ და მინდა ვთქვა, ეს იყო საფუძველს მოკლებული, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს იყო დაახლოებით 100%-ზე მეტად ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის. საუბარი მაქვს თურქულ ლირაზე, ეს არის უკრაინული გრივნა, რომელიც 200%-ზე მეტადაა გაუფასურებული, რუსული რუბლი, რომელიც დაახლოებით 90%-ით არის გაუფასურებული, აზერბაიჯანული მანათი, რომელიც ასევე 100%-ზე მეტადაა გაუფასურებული.
2012 წელზე აპელირებდნენ ოპონენტები, 2012 წლის შემდეგ ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ეკონომიკური განვითარებით ძალიან კარგ პირობებში, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ მომავალზე", - აცხადებს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, ლარი ყოველდღიურად ხსნის გაუფასურების რეკორდს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.664 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.83. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარს აჭარბებს, ევროსი კი, 2.87-ს.





