ლარის გაუფასურება

პრემიერი: საბანკო სექტორის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავი უნდა შეიკავონ

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ "დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ". ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებელ ბრალდებებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გაისმა და განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან რგოლს და ნებისმიერი უარყოფითი, მით უმეტეს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით, იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. როდესაც საუბარია კრიტიკაზე, არავისთვის უცხო არ არის კრიტიკა, მით უმეტეს, არც მთავრობისთვის და არც ერთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, როდესაც საკითხი საფინანსო ინსტიტუტს ეხება, არ შეიძლება ის საჯარო იყოს მანამ, ვიდრე ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატებში, რომელიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეთი ტიპის ბრალდებებს. ჩვენი საბანკო სექტორისადმი ჩვენ გაგვაჩნია სრული ნდობა, ვართ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში და არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ, მთლიანად, კერძო სექტორისა და ბიზნესის მონაწილეობა, რეფორმირების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული საზოგადოება 20/30-ის ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ ლარის მკვეთრ გაუფასურებაში ბანკები დაადანაშაულა. 

გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო, ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. პასუხი უნდა აგოს ყველამ გუშინდელი საქციელისთვის. გუშინ რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იგივე სავალუტო ჯიხურებში", - თქვა დუნდუამ.

კომენტარები