რუსეთი

"ჰოლოკოსტი ყინულზე" - პუტინის პრესმდივნის ცოლი სკანდალში გაეხვია

დიმიტრი პესკოვი და მისი მეუღლე ტატიანა ნავკა
AP

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლმა ტატიანა ნავკამ, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი რუსეთის პირველი არხის პოპულარულ ტელეშოუში "დიდი გამყინვარება" ნავკასა და მისი პარტნიორი ანდრეი ბურკოვსკის მიერ დადგმული ნომერი "ჰოლოკოსტი ყინულზე" გახდა. 

ტატიანა ნავკა ყოფილი ოლიმპიური ყინულზე მოცეკვავეა, მისი პარტნიორი ანდრეი ბურკოვსკი კი მსახიობი. ნომერში მათ ზოლებიანი საღამურები ეცვათ (ციხის უნიფორმა), რომელზეც მკერდთან ყვითელი, ექვსქიმიანი ვარსკვლავი იყო დატანილი. ნომერი ებრაელი მომღერალი ნოას სიმღერით - Beautiful That Way იყო გაფორმებული. სიმღერა რობერტო ბენინის ოსკაროსან ფილმზე -"ცხოვრება მშვენიერია" - არის დაფუძნებული.

ნომერში ნავკა და ბურკოვსკიც სცენაზე მდგომი წარმოსახვითი ბავშვის წინ იღიმოდნენ და ერთმანეთისთვის სროლას იმიტირებდნენ. შემდეგ კი ავტომატის ხმის ფონზე ბურკოვსკიმ სცენა დატოვა.

ნავკა ნომერს ინსტაგრამზეც გამოეხმაურა. ის წერს, რომ აღნიშნული ნომერი მისი ფავორიტია და "ბავშვები აუცილებლად უნდა იცნობდნენ და ახსოვდეთ ის საშინელი დრო". ნომერმა ჟიურის მხრიდან უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა Twitter-ზე ნომერმა უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, "ნომრებში მონაწილეები იმ ადგილას უნდა გააგზავნონ, სადაც მსგავს ზოლიან საღამურებს უფასოდ არიგებენ" (იგულისხმება ციხე). 

ოფიციალურ მოსკოვს მომხდარზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მსგავსი ტიპის სკანდალში აპრილში რუსი მსახიობი ალექსანდრ პეტროვიც გაეხვია, რომელიც ტელეშოუში "იცეკვე ვარკვლავთან ერთად" ნაცისტი ჯარისკაცის ფორმაში იყო გამოწყობილი.

 

 

კომენტარები