გენშტაბი

გენშტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან იზორიას ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნება.

ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა.

"გენშტაბის მოქმედ უფროსს ვადა ეწურება ამა წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, უშიშროების საბჭომ იმსჯელა და ჩვენ ამ მსჯელობის საფუძველზე პრეზიდენტს წარვუდგენთ ახალ კანდიდატურას. 4 წელი რომელიც სტრატეგიული მიმოხილვისთვის იყო გათვალისწინებული, პრაქტიკულად წელს იქნება ამოწურული. ის ფუნქციები და ამოცანები, რაც ძველი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის ფარგლებში იყო გათვაისწინებული, გენშტაბის მოქმედმა ხელმძღვანელმა ამოწურა. ახალ სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს მთავრობას დეკემბერში წარვუდგენთ. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ და ახალი გუნდი გენშტაბში იქნება ამ ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განმახორციელებელი" - აღნიშნა იზორიამ.

ჩაჩიბაიას პოსტზე ხვალ წარადგენენ, დღეს კი ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

"პრეზიდენტს ექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ის იცნობს და უშიშროების საბჭოს ფარგლებში გვქონდა მისი კანდიდატურის განხილვა, პოზიციები ემთხვევა როგორც თავდაცვის მინისტრის ისე პრეზიდრნტის. წარდგენა ხდება სწორედ თავდაცვის მინისტრისგან. ჩვენ უფრო დიდი ფორმატი შევარჩიეთ ამის განხილვისთვის, მთავრობაც მონაწილეობს და ბუნებრივია, პრემიერის პოზიციაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ საკითხის გადაწყვეტაში. პოზიცია შეჯერებულია, კანდიდატურა ცნობილია და პროცედურები დაწყებულია" - ამბობს იზორია.

ვლადიმერ ჩაჩიბაია ამ დრომდე გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე ვახტანგ კაპანაძეს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება ნატო-ში.

 

 

კომენტარები