არჩევნები 2016

TI: ჩათვალეს, რომ ამომრჩეველი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მას სახლში ხმა არ მიაცემინეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 12:00-ის მდგომარეობით, 30-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 6 საჩივარი დაწერეს. TI-ის ცნობით, ხუთ საარჩევნო უბანზე პარტიების (ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის") წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ორგანიზაცია სხვა დარღვევებზეც საუბრობს.

"მარნეულის 36.22 ოლქის 27-ე უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მიაცემინეს ხმა. მარნეულის 36.22 ოლქის მე-18 უბანზე 8-დან 9 საათამდე დამკვირვებლებს არამართლზომიერად უზღუდავდნენ უფლებებს, სთხოვდნენ კანონით გაუთვალისწინებელ დისტანციის დაცვას, კომისიის წევრები აგრესიულად იყვნენ განწყობილები დამკვირვებლების მიმართ. ამავე უბანზე 8 საათისკენ იმყოფებოდნენ არაუფლობემოსილი პირები, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარემ დაატოვებინა უბანი, რამაც გამოიწვია მცირე სიტყვიერი დაპირისპირება" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

TI-ს ცნობითვე, მცხეთის 37.27 ოლქის 44-ე უბანზე „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის" დამკვირვებელი ამომრჩევლებს ეკითხებოდა სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს. დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გააძევა დამკვირვებელი უბნიდან.

"თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ჩვენმა დამკვირვებელმა და ცესკოს წარმომადგენელმა პარტიის წამომადგენელს მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში გამოუძახებდნენ პოლიციას. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია" - წერს TI.

ორგანიზაციის ინფორმაციით, "საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული".

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს. კერძოდ, TI-ის ცნობით, ბაღდათის 51.52 ოლქის მე-13 და რუსთავის 30.20 ოლქის 24-ე უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შეუშვეს.

"მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ სამკერდე ნიშანზე არ ეწერა კონკრეტულად იმ უბნის ნომერი, რომელზეც დამკვირვებელი უნდა დააკვირდეს არჩევნების მსვლელობას. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ამასთანავე, ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე სთხოვდა ახალ სამკერდე ნიშანს, რის გამოც არ არეგისტრირებდნენ ჩანაწერთა წიგნში. ბათუმში 69.79 ოლქის 65-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწეოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ დროებით ჩაანაცვლა კომისიის ეს წევრი" - აცხადებს TI.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს.

კომენტარები