დემურ სტურუას საქმე

შს მინისტრი სტურუას საქმეზე: სამართლდამცველთა გადაცდომისას, არავის დავაფარებთ ხელს

facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, "იმ შემთხვევაში, თუ სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს". მღებრიშვილმა გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური", - თქვა მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი". შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს.

"ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს - ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. ჩვენს სისტემაში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ისინი თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების, თქვენი შვილების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან - 24 საათი, ყოველდღე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მივაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას! ხაზგასმით ვაცხადებ: სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტიერებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხიმგებლობით ვამბობ! ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი! შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევის ან შესაძლოა გადაცდომის მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი სამინისტროს მასშტაბით. დიახ, ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას", - განაცხადა მღებრიშვილმა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". 

სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ გოდერძი თევზაძე მიმალვაშია.

კომენტარები