არჩევნები 2016

ზუგდიდის და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე ხვალ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება

ტაბულა

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ხვალ ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში გაიმართება. საარჩევნო უბნები კანონის მიხედვით, ხვალ, დილის 8 საათზე გაიხსნება.

ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები არიან სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება). მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

„განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები. განმუხურის სოფელში არის ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი განთავსებულია სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგები არჩევნებში გამარჯვებულს პირველივე ტურში გამოავლენს, მეორე ტური ზუგდიდის და მარნეულის ოლქებში აღარ გაიმართება.

ამასთან, ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, ხვალ განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. ერთმანეთს ამ შემთხვევაშიც, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

კომენტარები