არჩევნები 2016

კობახიძე: ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს კონსტიტუცია

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გადასინჯვის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ამისთვისაა საჭირო სამუშაო ჯგუფის შექმნა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება, იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერმინისტრმა. ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ, ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება, შეეხოს ცალკეულ ნორმას ან მთელ რიგ ზოგად საკითხებს", - ამბობს კობახიძე.

კობახიძის ვარაუდით, მმართველობის ფორმა არ შეიცვლება.

"რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა", - თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ კონსტიტუციის დასახვეწად საჭიროა ჯგუფის შექმნა, რათა მომავალში ძალაუფლების უზურპაცია ვეღარ მოხდეს.

კომენტარები