მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ყიზილაჯლოს უბნის ინციდენტზე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი ბრალდებულების დაკავებასა და მათი აყვანის ფორმას აპროტესტებენ. მათი თქმით, სპეცრაზმმა შუაღამით კარი შეანგრია და ზოგიერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დაკავებულები კრიმინალები არიან.
"პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს, ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციისთვის ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ ვაპირებ. არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გამოგონილია - ალბათ, გაგიგიათ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა არისო", - თქვა მღებრიშვილმა.
აქციის მონაწილეები რუსთავის სასამართლოსთან შეკრებასაც გეგმავენ, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
სამართალდამცველებმა 6 პირი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე დააკავეს.





